მოწვევა ტრანსნაციონალური სოციალური გაფიცვის შეხვედრაზე:

მთელი ევროპისა და მისი პერიფერიების მასშტაბით, მშრომელები, მიგრანტები და პრეკარიატი ებრძვიან ნეოლიბერალურ რეფორმებს, გაძლიერებულ ექსპლუატაციასა და ინსტიტუციურ რასიზმს. საერთაშორისო ორგანიზების ექსპერიმენტები ისეთი გლობალური გოლიათების წინააღმდეგ, როგორიცაა ამაზონი, მიგრანტთა გაფიცვები ევროპის საზღვრებთან, ქალები გლობალური ფემინისტური გაფიცვიდან და გაფიცული სტუდენტები და მშრომელები საფრანგეთში თუ სხვა ადგილებში – ეს იმ დაუმორჩილებლობის სიგნალებია, რომელიც კაპიტალის რეორგანიზებას ახდენს. თუმცა, საერთო პოლიტიკური ინიციატივების ნაკლებობა ტრანსნაციონალურ დონეზე გვიბიძგებს გაერთიანებისაკენ: ეს მიმდინარე და მომავალი ბრძოლები ძალისხმევათა კოორდინაციას საჭიროებენ.

დაარსების დღიდან, ტრანსნაციონალური სოციალური გაფიცვის პროექტი ხაზს უსვამდა საერთაშორისო კავშირების შექმნის აუცილებლობას და გაფიცვის, როგორც კოლექტიური უარყოფის პრაქტიკის გავლენის გაფართოებას. ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ ლოგისტიკური სექტორი წარმატებით იყენებს სივრცით და მდგომარეობით განსხვავებს. ასევე ვაცნობიერებთ, რომ შრომითი და სოციალური ბრძოლების ტრანსნაციონალურ დონეზე ორგანიზება მხოლოდ წარმოების ლოგისტიკურ ტრანსფორმაციასთან დაპირისპირებით არის შესაძლებელი. ლოგისტიკა მხოლოდ სექტორი კი არ არის, არამედ იმგვარი მეთოდების მწკრივი, რომლებიც საერთაშორისო მასშტაბით შრომის პოლიტიკის სამართავად გამოიყენება, მისი იზოლაციისა და ფრაგმენტაციის პრაქტიკის წარმოებით. თანამედროვე ლოგისტიკა განასხვავებს მშრომელებს კონტრაქტების, ხელფასების, სტატუსების, გენდერისა და ეროვნების მიხედვით, და ამით ძალზე მცირედ შანსს უტოვებს დასაქმებულებს, დაინახონ საერთო გადაკვეთის წერტილები, რომ არაფერი ვთქვათ თანამშრომლობისა და ერთად ბრძოლის შესაძლებლობებზე.

ყველგან, სადაც პროფესიული კავშირები უარს ამბობენ შრომის ლოგისტიკურ მართვაში ჩართვაზე, მათ უხეშად ესხმიან თავს. თუმცა მაშინაც კი, როდესაც ისინი ერთგულად უჭერენ მხარს მშრომელთა ბრძოლას, ხშირ შემთხვევაში, ვერ ახერხებენ გაუმკლავდნენ ტრანსნაციონალურ განზომილებას და დაუპირისპირდნენ განსხვავებულ პირობებში მომუშავე დასაქმებულთა ჯგუფებს შორის არსებულ ლოგისტიკურ ფრაგმენტაციას. მეტიც, იმ სივრცეებში, სადაც პროფკავშირული პრაქტიკები არ არსებობს ან იმდენად დელეგიტიმირებულია, რომ მხოლოდ სანახაობრივი ელფერი აქვს, ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის განვითარება სავსებით ცვლის პოლიტიკურ ლანდშაფტს.

ამ შეხვედრით გვსურს იმგვარი მეთოდები შევიმუშაოთ, რაც დაგვეხმარება მიმდინარე და ახალი ბრძოლების ტრანსნაციონალური კომუნიკაციით გაძლიერებაში – ლოგისტიკის განმაცალკევებელი ლოგიკის წინააღმდეგ. გარდა ამისა, ჩვენი მიზანია გავიგოთ მეტი იმ სხვადასხვა სივრცეებისა და გარემოს შესახებ, რომელშიც ჩვენ ვმოქმედებთ. ასევე, მივაკვლიოთ გზებს, რომლებიც დაგვეხმარება ცალკეული, ლოკალური თუ სპეციფიკური მიღწევების ისეთ ძალად გარდაქმნაში, რომელსაც ექნება საზოგადოების ამ ყოვლისმომცველი რეორგანიზაციის პროცესის დარღვევის პოტენციალი.  

ჩვენ ვუპირისპირდებით სუვერენული და ნაციონალური დისკურსების აღზევებას, როგორც სწორედ იმ ლოგიკის ნაწილს, რომელიც ანცალკევებს შრომას და ეწევა კაპიტალის პატრონაჟს. პრაქტიკული გამოცდილებების გაზიარებით, კოლექტიური აღქმის ჩამოყალიბების მცდელობითა და საერთო მოთხოვნების შემუშავების შესაძლებლობათა განვრცობის გზით, შეხვედრა მიზნად ისახავს, განიხილოს ექსპლუატაციის ლოგისტიკის წინააღმდეგ მიმართული ტრანსნაციონალური სოციალური გაფიცვის ყველა ის პოტენციალი, რომელიც გადაიაზრებს არსებულ მდგომარეობას.

ვიწვევთ ყველა კატეგორიის მშრომელებს, კოლექტივებს, პროფკავშირებსა და ჯგუფებს სტოკჰოლმში, 23 და 24 ნოემბერს.

ერთად გადავდგათ შემდეგი ნაბიჯი ტრანსნაციონალური სოციალური გაფიცვისაკენ!